დევიდ ბანდას შვილად აყვანა 2006 წლის 10 ოქტომბერს, მალავის ობოლ ბავშვთა სახლის მონახულებისას, მადონამ პატარა მალაველი ბიჭის, დევიდ ბანდას შვილად აყვანა გადაწყვიტა. ბავშვს, რომელიც 2005 წლის 24 სექტემბერს დაიბადა, მომღერლის ოჯახმა სახელი შეუცვალა და დევიდ ბანდა მვალე ჩიკონე რიჩი დაარქვა.
პასპორტისა და ვიზის მიღების შემდეგ, მალაველი ჩვილი 16 ოქტომბერს მალავიდან წაიყვანეს. შვილად აყვანის ფაქტმა საზოგადოებაში მითქმა-მოთქმა გამოიწვია, ვინაიდან აინტერესებდათ, იცოდა თუ არა მადონამ, რომ მალავის კანონმდებლობის თანახმად, ბავშვის აყვანის მსურველმა პოტენციურმა მშობლებმა მალავიში ერთი წელი უნდა იცხოვრონ.
2006 წლის 25 ოქტომბერს, ხმების გასაქარწყლებლად, მადონა "ოპრა უინფრის შოუზე" გამოვიდა. ნახევარსაათიანი ინტერვიუს მსვლელობისას, მომღერალმა განაცხადა, რომ მალავიში არ არსებობს დაწერილი კანონი, რომელიც უცხოელთა მიერ ბავშვის აყვანის უფლებებს დაარეგულირებს. ამას გარდა, მალაველი ბავშვის შვილად აყვანას ორი წელია აპირებდა. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ დევიდის მდგომარეობა კრიტიკული იყო. როდესაც მადონა ობოლ ბავშვთა სახლის მოსანახულებლად მივიდა, დევიდი, მალარიის და ტუბერკულოზის გადატანის შემდეგ, ფილტვების ანთებით დაავადდა. ამასთანავე, მადონას თქმით, მედია "დათვურ სამსახურს უწევს აფრიკელ ობოლ ბავშვებს და არა მხოლოდ მალაველებს", რითაც უცხოელებს ობოლი აფრიკელი ბავშვების შვილად აყვანის შესაძლებლობას ართმევს. მომღერალმა განაცხადა, "მინდოდა მესამე სამყაროს ქვეყანაში წავსულიყავი — ზუსტად არ ვიცოდი, რომელში — და რომელიმე ბავშვისთვის სიცოცხლის უფლება მიმენიჭებინა. სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, მას ეს უფლება წართმეული ჰქონოდა".
2006 წლის 22 ოქტომბერს მასმედიის საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დევიდ ბანდას ბიოლოგიურმა მამამ, იოჰანე ბანდამ "შვილად აყვანის" მნიშვნელობა ვერ გაიგო და არ იცოდა, რომ თავის შვილს "სამუდამოდ" შორდებოდა. იოჰანე ბანდას ეგონა, რომ ეს შეთანხმება უფრო ბავშვის აღზრდას ითვალისწინებდა. ოპრა უინფრის ინტერვიუდან რამდენიმე დღის შემდეგ, ბავშვის მამამ აღნიშნა, "ეს ეგრეთ წოდებული ადამიანის უფლებათა დამცველები მოსვენებას არ მაძლევენ, მემუქრებიან და მეუბნებიან, რომ თვითონ არ მესმის, რას ვაკეთებ". გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იოჰანე ბანდამ განაცხადა, "ისინი ჩემგან მოითხოვენ, რომ სასამართლო პროცესის დროს, ჩვენება მათ სასარგებლოდ მივცე. ამას კი ვერ გავაკეთებ, რადგან მადონასა და მის მეუღლეს უკვე შევუთანხმდი". 2006 წლის 1 ნოემბერს მადონამ ბავშვის მამის კომენტარებს ამერიკული ტელეარხის, ენ-ბი-სი-ს ეთერში უპასუხა და აღნიშნა, რომ იოჰანე ბანდამ იცოდა, რასაც აკეთებდა. მან უარი თქვა ბავშვის გაუშვილებლად მადონასგან ფინანსური დახმარების მიღებაზე.
მალავის კანონმდებლობის თანახმად, მადონა და გაი რიჩი 18 თვის განმავლობაში დევიდ ბანდას მხოლოდ მეურვე მშობლებად ითვლებიან.
